ბლოგი
234ნახვა

პატარა გამარჯვებები, დიდი ნაბიჯები - რატომ არის მნიშვნელოვანი პირადი მიღწევების გააზრება სკოლის მოსწავლეებში?


„ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ (გურამ რჩეულიშვილი). 


ხშირად, განსაკუთრებით უფროსებს გვავიწყდება რა არის უფრო მნიშვნელოვანი. საყურადღებო კი ისაა, რომ პატარები ჩვენგან ყველაფერს სარკისებურად ირეკლავენ. ბავშვის წარმატება ყოველთვის საპრიზო ადგილით ან სხვებზე უკეთესი შედეგით არ იზომება. როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ისაა, როდესაც მოსწავლე საკუთარ პროგრესს ამჩნევს, ახალი შესაძლებლობის არსებობას აღმოაჩენს და იაზრებს, რომ დღეს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გუშინ შეეძლო.


ასეთი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში, როდესაც ბავშვი თანდათან სწავლობს საკუთარი მიღწევების შეფასებასა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რეალისტური რწმენის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მოსწავლემ არა მხოლოდ მიაღწიოს წარმატებას, არამედ შეძლოს მისი გააზრება და მისი შრომის შედეგის დანახვა.


როგორ ეხმარება აკადემიური ოლიმპიადა ბავშვს პირადი გამარჯვებების აღმოჩენაში?


ოლიმპიადა ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, ნაცნობი სასწავლო გარემოს მიღმა გამოსცადოს საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინოს, როგორ იყენებს მას ახალი გამოწვევების გადასაჭრელად. ერთი მოსწავლისთვის გამარჯვება შეიძლება რთული ლოგიკური ამოცანის ამოხსნა იყოს, მეორისთვის ტექსტის უკეთ გააზრება, მესამისთვის კი იმის აღმოჩენა, რომ დამოუკიდებლად შეუძლია ისეთი დავალების გააზრება, რომელიც მანამდე რთული ეგონა.


პრიორიტეტულია, ბავშვმა შეძლოს საკუთარი მიღწევის დანახვა და შედეგამდე მისასვლელი გზა ისევე დააფასოს როგორც ის, რომ გამოუვიდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია უფროსების როლიც. როდესაც მშობელი ან პედაგოგი ბავშვს კონკრეტულ პროგრესზე მიუთითებს, ეხმარება მას, საკუთარი წარმატება მხოლოდ მიღებულ ქულას არ დაუკავშიროს.


სერტიფიკატი და პრიზი გამარჯვების სასიამოვნო სიმბოლოა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, კონკრეტულად რაში გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები და რა ისწავლა ამ გამოცდილებიდან.


ინოვატორში ყველა მიღწევას თავისი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ აკადემიური ოლიმპიადა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენის სივრცე არ უნდა იყოს. ის უნდა აძლევდეს თითოეულ ბავშვს შესაძლებლობას, გამოსცადოს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს ძლიერი მხარეები და დაინახოს პირადი პროგრესი. ჩვენი მეგობარი რობოტი ბავშვებს ახსენებს, რომ სწავლა აღმოჩენების პროცესია, რომელშიც თითოეულ მცდელობასა და მიღწევას თავისი ადგილი აქვს.


ჩვენი მიზანი არ არის, მოსწავლეები ერთმანეთს შევადაროთ და სტატისტიკური მონაცემები მშობლებს გაგიზიაროთ. გვინდა, თითოეულმა მონაწილემ აღმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და დაინახოს, რომ განვითარება მუდმივად შესაძლებელია. 


აღმოაჩინე შენი სუპერძალა ინოვატორში!