მთავარი

წესდება

ზოგადი დებულებები

  1. 1. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

    1. ეს წესი განსაზღვრავს შპს „ინოვატორი.ედუ“-ს (შემდგომში – კომპანია/ორგანიზატორი) ეგიდით ორგანიზებული სეზონური სასკოლო ოლიმპიადა „ინოვატორი“-ს (შემდგომში – ოლიმპიადა) ჩატარების პირობებს, მონაწილეობის წესს, შედეგების შეფასების კრიტერიუმებს, გამარჯვებულთა დაჯილდოების სისტემას, აგრეთვე, სასწავლო ოლიმპიადის მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს. 

    2. ოლიმპიადა წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ტარდება  ონლაინ, სპეციალიზებული საგანმანათლებლო პორტალის www.inovatori.edu.ge მეშვეობით.


  2. 2. ტერმინთა განმარტება 

    ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 

    ა) ადმინისტრატორი – ოლიმპიადის ტესტირების პროცესში ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საორგანიზაციო ჯგუფის დამხმარე პერსონა.

    ბ) მონაწილეობის საფასური - წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობა, რაც საჭიროა კონკრეტულ ტურში და კონკრეტულ საგანში გასამართ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის.  

    გ) ოლიმპიადა – ამ წესის მიხედვით, კონკრეტული კლასის/კლასების თითოეულ საგანში ჩატარებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა;

    დ) ოლიმპიადის მონაწილე – მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის მიხედვით დარეგისტრირდა ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად;

    ე) ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი - შპს ინოვატორი.ედუ-ს დირექტორის მიერ შექმნილი დროებითი ორგანო, რომელიც ამ წესის შესაბამისად დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „ინოვატორის“-ს ეგიდით ჩასატარებელი სასკოლო ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით ყველა საკითხის ორგანიზება/გადაწყვეტას. 

    ვ) საგნის რეიტინგული სია - მეორე ტურის დასრულების შემგედ, საგნის ოლიმპიადაში მონაწილე ყველა კლასის მონაწილეების მიერ ტესტში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით დგება საგნის რეიტინგული სია, რაც განსაზღვრავს საპრიზო ადგილებზე გასულ მინაწილეებს.

    ზ) საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი კომისია – ოლიმპიადის შესაბამის ტურში მიღებულ შედეგთან და პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით საორაგანიზაციო ჯგუფის მიერ შექმნილი დროებითი ორგანო, რომელიც განიხილავს ოლიმპიადის მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადებს, იღებს გადაწყვეტილებებს და ამ წესით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად ახდენს საპრეტენზიო განაცხადის ავტორის ინფორმირებას.

    თ) ტესტი – კონკრეტული კლასის/კლასების თითოეულ საგანში შედგენილი საოლიმპიადო დავალება.

    ი) ტურის რეიტინგული სია - კონკრეტული ტურის დასრულების შემგედ, კლასების მიხედვით ტესტში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით დგება მონაწილეთა რეიტინგული სია ერთ რომელიმე კონკრეტულ საგანთან მიმართებით.


    ობა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლისთვის.

  3. 3. ოლიმპიადის მიზნები

    1. ოლიმპიადის მიზნებია: 

    ა) სასკოლო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავება, სწავლის პროცესის საინტერესო გამოწვევად გარდაქმნა და მოზარდებში უწყვეტი თვითგანვითარების სურვილის სტიმულირება;

    ბ) მაღალი სანდოობის, ობიექტური და მიუკერძოებელი ციფრული შეფასების სისტემის მეშვეობით წარმატებული მოსწავლეების გამოვლენა და მათი აკადემიური მიღწევების ღირსეული წახალისება;

    გ) მოსწავლეებისთვის უნიკალური შესაძლებლობის შექმნა, რათა რეალისტურად შეაფასონ საკუთარი ცოდნის ხარისხი, გაიაზრონ ძლიერი მხარეები და ჩამოაყალიბონ გამარჯვებაზე ორიენტირებული აკადემიური ხედვა;

    დ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან სრული თანხვედრა და ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ინოვაციური, პროგრესული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.

    2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, „ინოვატორი.ედუ“-ს სასკოლო ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს:

    ა) მაღალტექნოლოგიური, მოქნილი და დაცული ონლაინ-პლატფორმის ფუნქციონირებას, რომელიც ტესტირების შედეგების მყისიერ, გამჭვირვალე და უშეცდომო დაფიქსირებას განაპირობებს;

    ბ) მონაწილეთა რეგისტრაციის, ეტაპობრივი გადარჩევისა და ადმინისტრირების მკაფიო, მოსწავლეზე მორგებული გეგმის იმპლემენტაციას;

    გ) საგამოცდო პროცესის სრულყოფილ მართვას, კიბერუსაფრთხოებისა და აკადემიური ეთიკის ნორმების განუხრელ დაცვას;

    დ) საგამოცდო შედეგების სიღრმისეულ მეთოდოლოგიურ ანალიზს, რის საფუძველზეც ვლინდება რეიტინგული სია და ხორციელდება საუკეთესო მონაწილეთა მასშტაბური დაჯილდოება;

    ე) თითოეული მონაწილის შედეგების ინდივიდუალურ ასახვასა და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდებას, რაც მოსწავლეს საკუთარი პროგრესის დანახვაში ეხმარება.


  4. 4. ოლიმპიადის ჩატარების დრო

    1. ოლიმპიადა ატარებს სეზონურ ხასიათს (შემოდგომის/გაზაფხულის სეზონი) და იმართება კომპანიის მიერ წინასწარ დამტკიცებული და გამოცხადებული განრიგის შესაბამისად.

    2. ოლიმპიადა თითოეულ ეტაპზე ტარდება სრულიად დისტანციურად (ონლაინ) ოფიციალურ პლატფორმაზე: www.inovatori.edu.ge.


  5. 5. საგნები და კლასები, რომლებშიც იმართება სასწავლო ოლიმპიადა

    1. ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:

    ა) ქართული ენა და ლიტერატურა - II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეთათვის;

    ბ) მათემატიკა - II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეთათვის;

    გ) ინგლისური ენა - II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეთათვის.

    2. მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს როგორც ერთ, ისე რამდენიმე ოლიმპიადაში.


  6. 6. ოლიმპიადის ეტაპები და ღირებულება

    1. ოლიმპიადა მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:

    ა) I ტური (შესარჩევი ეტაპი) - უფასოა ნებისმიერი რეგისტირებული მონაწილისთვის;

    ბ) II ტური (ფინალური ეტაპი) - მონაწილეობის საფასური განისაზღვრება 20 (ოცი) ლარით თითოეულ შერჩეულ საგანში.

    2. II ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს მხოლოდ ის მონაწილე, რომელიც I ტურში გადალახავს დადგენილ საკვალიფიკაციო ბარიერს. 

    3. II ტურის შედეგების მიხედვით, რეიტინგული სიის საფუძველზე, გამოვლინდებიან საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულები 

    4. ოლიმპიადა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, მონაწილეს შესაძლებლობა აქვს დაძლიოს ტესტი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, მოსწავლის მიერ განვლილი მასალის გათვალისწინებით.


  7. 7. რეგისტრაცია

    1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხორციელდება ინდივიდუალურად, ვებგვერდზე: www.inovatori.edu.ge.

    2. რეგისტრაციის შედეგად იქმნება მოსწავლის პირადი კაბინეტი (პროფილი). რეგისტრაციისას მონაცემების (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა) სისწორეზე პასუხისმგებელია მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.


  8. 8. ოლიმპიადის ტესტის სტრუქტურა

    1. ოლიმპიადის თითოეულ ტურსა და საგანში მონაწილეს მიეწოდება 30 დახურული ტიპის ტესტური დავალება.

    2. თითოეულ დავალებას ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.

    3. ყოველი სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით. მაქსიმალური ჯამური ქულაა 30.

    4. ტესტზე სამუშაოდ მონაწილეს ეძლევა 90 (ოთხმოცდაათი) წუთი. დროის ათვლა იწყება ტესტირების ღილაკზე „დაწყება“ დაჭერის მომენტიდან.


  9. 9. ოლიმპიადის I ტური

    1. I ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამის კლასსა და საგანში რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს განსაზღვრულ ვადებში.

    2. მონაწილე, რომელიც I ტურში დააგროვებს მაქსიმალური ქულის 39%-ზე მეტს ( სწორად გასცემს პასუხს მინიმუმ 12 დავალებას), წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპს და იღებს II (ფინალურ) ტურში მონაწილეობის უფლებას.

    3. I ტურის შედეგი და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი პირად პროფილში აისახება ტესტის დასრულების შემდეგ.


  10. 10. ოლიმპიადის II (ფინალური) ტური და მონიტორინგი

    1. II ტურში დაიშვებიან მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებმაც გადალახეს I ტურის 39%-იანი ბარიერი და დარეგისტრირდნენ ოლიმპიადის ფინალური ტურში.

    2. აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და ობიექტურობის გარანტირების მიზნით, I და II ტურის მიმდინარეობისას შემუშავებულია თაღლითობის საწინააღმდეგო პოლიტიკა, რომლის გაუთვალისწინებლობაც გამოიწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას.

    3. ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი იტოვებს უფლებას, ტექნიკური ან აკადემიური დარღვევის ეჭვის შემთხვევაში, შეამოწმოს ტესტირების ჩანაწერი და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება შედეგის გაუქმების შესახებ.


  11. 11. მონაწილის უფლებები და ვალდებულებები

    1. ოლიმპიადის მონაწილე (მისი კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია:

    ა) წინასწარ უზრუნველყოს სათანადო ციფრული მოწყობილობის (პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი) გამართული მუშაობა და უწყვეტი ინტერნეტკავშირი, რაც აუცილებელია ონლაინ-ტესტირების შეუფერხებლად გასავლელად;

    ბ) საგამოცდო ვირტუალურ სივრცეში გამოცხადდეს და ავტორიზაცია გაიაროს ზუსტად განრიგით განსაზღვრულ დროს. მონაწილის დასაკავშირებლად სისტემა და ონლაინ-მეთვალყურე აწესებს მაქსიმუმ 10-წუთიან საშეღავათო მოლოდინის რეჟიმს; აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ტესტზე წვდომა იზღუდება და მოსწავლე ითვლება გამოცდაზე არგამოცხადებულად;

    გ) პროცესის მიმდინარეობისას ზედმიწევნით შეასრულოს ონლაინ-დამკვირვებლის (პროქტორის) კანონიერი მოთხოვნები, რაც შეიძლება მოიცავდეს აუდიო-შემოწმებას, ოთახის ხედვის არეალის ან კამერის კუთხის კორექტირებას;

    დ) განუხრელად დაიცვას წინამდებარე დებულებით დადგენილი ყველა სხვა საორგანიზაციო მოთხოვნა და ეთიკის ზოგადი ნორმა.

    2. თანაბარი, სამართლიანი და ობიექტური კონკურენციის უზრუნველსაყოფად, ასევე, მონაწილეთა მოტივაციის, ცოდნის განვითარებისა და წესდებით განსაზღვრული მიზნების მიღწევის მოტივით ტესტირების მსვლელობისას კატეგორიულად იკრძალება:

    ა) დავალებების ამოხსნის პროცესში მესამე მოწყობილობების (მობილური ტელეფონი, ჭკვიანი საათი, დამხმარე კომპიუტერი), საძიებო სისტემებისა თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება;

    ბ) დამხმარე სასწავლო მასალებით, სახელმძღვანელოებით, ენციკლოპედიებით, რვეულებით ან წინასწარ მომზადებული ჩანაწერებით სარგებლობა;

    გ) მესამე პირებთან ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაცია, კარნახი, გარეშე დახმარების მიღება/გაწევა ან მონიტორის მიღმა ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაცია;

    დ) ტესტის დაწყებიდან მის დასრულებამდე სამუშაო ადგილისა და ვიდეოთვალის ხედვის არის თვითნებური დატოვება;

    ე) საგამოცდო ბრაუზერიდან გასვლა, ახალი ჩანართების (Tabs) გახსნა ან ტესტირების პროგრამის ჩაკეცვა;

    3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან რომელიმეს უგულებელყოფა იწვევს მონაწილის დაუყოვნებლივ მოხსნას (დისკვალიფიკაციას) მოცემული საგნის ოლიმპიადიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ზღუდავს მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სხვა საგნობრივ ოლიმპიადაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    4. თუ ტესტირების პროცესში მონაწილეს დაუფიქსირდა მისგან დამოუკიდებელი, დაუძლეველი ტექნიკური ხარვეზი (ქსელში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა, ინტერნეტპროვაიდერის გლობალური წყვეტა), იგი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

    ა) შეფერხებისთანავე დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის ოფიციალურ ცხელ ხაზს;

    ბ) ხარვეზის წარმოშობიდან 24 საათის განმავლობაში გამოაგზავნოს დასაბუთებული წერილობითი განცხადება ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info@inovatori.edu.ge, შესაბამისი გარემოების მითითებითა და სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


  12. 12. ოლიმპიადის მონაწილეებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    ინოვატორი.ედუ ამტკიცებს ოლიმპიადის ტურებში გამარჯვებული მონაწილეებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასაცემი სერტიფიკატისა და დიპლომების ფორმას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფილია უნიკალური კოდით. 


  13. 13. მონაწილეების დაჯილდოება

    1. ოლიმპიადა ინოვატორი აფასებს თითოეული მონაწილის მოტივაციას, განვითარების სურვილსა და ძალისხმევას, ამ მიზნით ოლიმპიადის  I და II ტურის უკლებლივ ყველა მონაწილეს გადაეცემა ოფიციალური პერსონალიზებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ მონაწილეობასა და მიღწეულ წარმატებას, სერტიფიკატები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ფორმით მონაწილის პირად კაბინეტში ტურის დასრულების შემდეგ. 

    2. რეიტინგული სიის შესაბამისად, თითოეულ საგანში საუკეთესო შედეგის მქონე:

    1.    I, II და III საპრიზო ადგილები - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფინალისტები:

    • ექსკლუზიური ფასიანი პრიზები (თანამედროვე ტექნოლოგიური და შემეცნებითი გაჯეტები: პლანშეტური კომპიუტერები, სმარტ-საათები, ელექტრონული წიგნები ან/და სხვა მაღალტექნოლოგიური სასკოლო საჩუქრები);

    • ინოვატორის ბრენდირებული სასაჩუქრე ჩანთა და აქსესუარების ნაკრები;

    • გამარჯვებულის ოფიციალური დიპლომი.

    2.2.   IV – X საპრიზო ადგილები - ინოვატორი ლაურეატები:

    • ინოვატორის ბრენდირებული სასაჩუქრე ჩანთა შემეცნებით-სამოტივაციო საჩუქრებით;

    • წარმატებული ფინალისტის საპატიო დიპლომი.

  14. 14. რეიტინგის შედგენის წესი თანაბარი ქულების დროს

    თუ ორ ან მეტ მონაწილეს დაუფიქსირდა იდენტური ქულა, უპირატესობა ენიჭება იმ მოსწავლეს, რომელმაც ტესტირება ნაკლებ დროში დაასრულა. დროის სრული თანხვედრის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება I ტურში დაფიქსირებული შედეგი/დრო.


  15. 15. წარმატებული სკოლის წახალისება

    1. მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სასკოლო კითხვის კულტურის გაძლიერებისა და საგანმანათლებლო სივრცეების განვითარების მიზნით, ინოვატორი აწესებს ჯილდოს ყველაზე წარმატებული სკოლისთვის.

    2. ქვეყნის მასშტაბით ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ოლიმპიადის ფინალურ ტურში ეყოლება ყველაზე მეტი ფინალისტი მოსწავლე, საჩუქრად მიიღებს:

    ა) თანამედროვე სპორტულ ინვენტარს სკოლის სპორტული დარბაზისა და მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობის სრულფასოვანი მხარდაჭერისთვის;

    ბ) ექსკლუზიურ სივრცეს სასკოლო ბიბლიოთეკაში „ინოვატორის თარო“: შემეცნებითი, მხატვრული და სამოტივაციო ლიტერატურით დაკომპლექტებულ სპეციალურ კუთხეს, რომლის წიგნადი ფონდის განახლებასა და გამდიდრებას შპს „ინოვატორი.ედუ“ უზრუნველყოფს მომდევნო 3 (სამი) სასწავლო სეზონის განმავლობაში.


  16. 16. საპრეტენზიო წარმოების დაწყების წესი და პირობები

    1. გასაჩივრების უფლება და ლეგიტიმური საფუძვლები:

    ოლიმპიადის მონაწილის კანონიერ წარმომადგენელს (მშობელს/მზრუნველს), მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, უფლება აქვს წამოიწყოს საპრეტენზიო წარმოება და მიმართოს შპს „ინოვატორი.ედუ“-ს საპრეტენზიო კომისიას შემდეგი ამომწურავი საფუძვლებით:

    ა) საგამოცდო საკითხის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შეუსაბამობა, კითხვის/სავარაუდო პასუხების არსებითი ორაზროვნება ან მეცნიერულ-მეთოდოლოგიური ხარვეზი;

    ბ) ტესტირების პროცესში ონლაინ-პლატფორმის გლობალური პროგრამული გაუმართაობა ან დამკვირვებლის (პროქტორის) მხრიდან საგამოცდო რეგლამენტის არსებითი დარღვევა, რამაც პირდაპირი და უშუალო გავლენა იქონია მონაწილის აკადემიურ შედეგზე.

    2. განაცხადის წარდგენის ფორმა და ხანდაზმულობის ვადები:

    ა) საპრეტენზიო განაცხადი მიიღება მკაცრად ელექტრონული ფორმით, ოლიმპიადის ოფიციალური პორტალის inovatori.edu.ge სააპელაციო მოდულის მეშვეობით ან კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@inovatori.edu.ge.

    ბ) განაცხადის შეტანის ვადა შეადგენს შესაბამისი ტურის (I ან II ტური) დასრულების მომენტიდან 24 (ოცდაოთხ) საათს. აღნიშნული ვადის დარღვევით  წარდგენილი პრეტენზია წარმოადგენს ხანდაზმულ განაცხადს და განხილვას არ ექვემდებარება.

    3. განაცხადის სავალდებულო რეკვიზიტები და მტკიცებულებითი სტანდარტი:

    საპრეტენზიო განაცხადი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და აუცილებლად უნდა შეიცავდეს:

    ა) მონაწილისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კლასი, საგანი, საკონტაქტო ტელეფონი);

    ბ) სადავო ტესტური დავალების ზუსტ რიგით ნომერს;

    გ) მკაფიო, ლოგიკურ და დასაბუთებულ არგუმენტაციას იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს დაშვებული ცდომილება;

    დ) ტექნიკური შეფერხების გასაჩივრებისას ხარვეზის ამსახველ დოკუმენტურ/ვიზუალურ მასალას (ეკრანის ანაბეჭდი / Screen-capture, ვიდეომტკიცებულება, ინტერნეტპროვაიდერის ცნობა და ა.შ.). მტკიცების ტვირთი ეკისრება აპელანტს.

    4. განაცხადის განუხილველად დატოვება:

    საპრეტენზიო განაცხადი არ მიიღება წარმოებაში და რჩება განუხილველი, თუ:

    ა) გასულია წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი 24-საათიანი ვადა;

    ბ) განაცხადი ატარებს აბსტრაქტულ, ზოგად ხასიათს და არ შეიცავს კონკრეტულ სამართლებრივ თუ მეთოდოლოგიურ დასაბუთებას;

    გ) განმცხადებელი მოითხოვს ტესტის იმ ნაწილის/დავალებების გადამოწმებას, რომლებიც უშუალოდ არ არის მითითებული საპრეტენზიო განაცხადში.


  17. 17. საპრეტენზიო წარმოების წარმართვა და საბოლოო გადაწყვეტილება

    1. საპრეტენზიო კომისიის სტატუსი და განხილვის ვადები:

    ა) საპრეტენზიო განაცხადების განხილვას ახორციელებს შპს „ინოვატორი.ედუ“-ს დირექტორის ბრძანებით შექმნილი კოლეგიური ორგანო - საპრეტენზიო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია დარგობრივი ექსპერტებით, პედაგოგებითა და ტექნიკური სპეციალისტებით.

    ბ) კომისია ვალდებულია წარმოებაში მიღებული საპრეტენზიო განაცხადი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განიხილოს რეგისტრაციის მომენტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

    2. კვლევისა და შეფასების ფარგლები:

    კომისია უფლებამოსილია შეისწავლოს ტესტირების ციფრული ლოგები, ვიდეომეთვალყურეობისა და ეკრანის მონიტორინგის ელექტრონული ჩანაწერები, აგრეთვე მოისმინოს ტესტის შემდგენელი დარგობრივი ექსპერტის მეთოდოლოგიური დასკვნა. კომისიის მიერ ტესტური ნაშრომის გადამოწმება ხორციელდება მკაცრად სადავოდ გამხდარი დავალების ფარგლებში.

    3. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებათა სახეები:

    საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

    ა) ტესტურ დავალებაში არსებითი ხარვეზის აღმოჩენისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას მონაწილისათვის შესაბამისი ქულის მინიჭების/კორექტირების თაობაზე;

    ბ) თუ დადასტურდება, რომ სადავო საკითხი შედგენილი იყო ვალიდურად და შეფასება განხორციელდა უშეცდომოდ კომისია იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

    გ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ტესტის შემდგენლის მეთოდოლოგიური ცდომილება და საკითხი აღმოჩნდა არაერთგვაროვანი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს პრეცედენტული გადაწყვეტილება და აღნიშნული დავალება ჩაუთვალოს სწორ პასუხად შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ყველა იმ მონაწილეს, ვისაც აღნიშნული კითხვა შეხვდა საგამოცდო ბილეთში.

    4. გადაწყვეტილების იურიდიული ძალა და აღსრულება:

    ა) საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა წარმოადგენს საბოლოო ადმინისტრაციულ აქტს ოლიმპიადის ფარგლებში და შემდგომ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

    ბ) მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მონაწილის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობება ინდივიდუალურად (პირად კაბინეტში ასახვით ან ელექტრონული ფოსტით).

    გ) დაკმაყოფილებული საჩივრების საფუძველზე დარედაქტირებული ქულები სავალდებულო წესით აისახება მონაწილეთა საბოლოო, ოფიციალურ რეიტინგულ სიაში მის საჯარო გამოქვეყნებამდე.


  18. 18. ცვლილების შეტანა

    1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ შპს „ინოვატორი.ედუ“-ს ხელმძღვანელობას.

    2. ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ოფიციალურ ვებგვერდზე: inovatori.edu.ge.