ბლოგი
263ნახვა

რას ნიშნავს აკადემიური კეთილსინდისიერება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ყველა ასაკის მოსწავლისთვის?

აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობა

აკადემიური კეთილსინდისიერება ის საფუძველია, რომელზეც ყველა შეფასება დგას: ქულა მხოლოდ მაშინ ნიშნავს რამეს, თუ ის ნამდვილად იმ ადამიანის ცოდნას ასახავს, რომელმაც ის მიიღო. როცა ეს პრინციპი ირღვევა, შეფასება თავის აზრს კარგავს არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ თავად ადამიანისთვისაც, რადგან ის ვერ ხედავს საკუთარ რეალურ შესაძლებლობებს და სირთულეებთან გამკლავების გზას ვერ სწავლობს. 

ოლიმპიადის ამოცანის ამოხსნისას ბავშვი განუწყვეტლივ ფიქრობს და ცდილობს, თავი გაართვას ამოცანებს. ეს პროცესი ხშირად შედეგზე მნიშვნელოვანიც კია. ოლიმპიადის ქულა ერთი სიხარულია, მაგრამ შესაძლებლობა, რომ ბავშვი საკუთარ თავს ენდოს, წლების განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ არის აკადემიური კეთილსინდისიერება ასეთი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე.

აკადემიური კეთილსინდისიერება ნიშნავს, რომ შედეგი და ცოდნა ნამდვილად იმ ადამიანისაა, რომელიც მას წარადგენს. თუ ოლიმპიადის შედეგი ბავშვის რეალურ უნარებს არ ასახავს, ეს თავად ბავშვს აზიანებს: ის ვერ ხედავს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვერ სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს სირთულეებს.

კვლევები აჩვენებს, რომ არაკეთილსინდისიერი ქცევა ხშირად „ინფექციურია“. გინო, აიალი და არიელი (Gino, Ayal & Ariely, 2009) ექსპერიმენტებში აჩვენებენ, რომ როცა ადამიანები ხედავენ, რომ სხვები უსამართლოდ იქცევიან, თავადაც უფრო ადვილად უშვებენ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. მოზარდებსა და ბავშვებში ეს მექანიზმი კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს, რადგან ისინი ქცევის ნორმებს დაკვირვებით სწავლობენ.

რატომ სჭირდება ბავშვს დამოუკიდებლობა

დამოუკიდებლად მუშაობა არ არის მხოლოდ შეფასების პირობა. ეს არის სწავლის ძირითადი მექანიზმი. ლევ ვიგოტსკი თავის „პროქსიმალური განვითარების ზონის“ თეორიაში აღწერს, რომ ბავშვი ყველაზე მეტს სწავლობს მაშინ, როცა ის ამოცანას თავად ხსნის და მხოლოდ საჭიროებისამებრ იღებს დახმარებას, ისე, რომ ბოლოს მაინც მან გადაწყვიტოს რომელია სწორი პასუხი. თუ ამოცანას სხვა ხსნის, ბავშვი ვერ ითვისებს ამოხსნის ხერხს და მომავალში იგივე სირთულის წინაში დადგება. 

დეცი და რაიანი (Deci & Ryan), თვითდეტერმინაციის თეორიის ავტორები, აღნიშნავენ, რომ ადამიანს სჭირდება კომპეტენტურობის, ავტონომიურობისა და ურთიერთობის განცდა. როცა ბავშვი საკუთარი ძალებით ხსნის ამოცანას, ის იძენს კომპეტენტურობის განცდას, რომელიც მისი მოტივაციის საფუძველია.

დახმარება, რომელიც ზიანს აყენებს

ბავშვს გარშემომყოფები ხშირად უნდა ეხმარებოდნენ, მაგრამ გამოცდის/ოლიმპიადის დროს დახმარების ისეთი ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ხელს არ შეუშლის მას. სელიგმანის სწავლება „დასწავლული უმწეობის“ შესახებ აჩვენებს, რომ როცა ადამიანი მუდმივად იმედოვნებს, რომ სხვა მოაგვარებს მის პრობლემას, ის თანდათან კარგავს რწმენას საკუთარი ძალების მიმართ. ბავშვისთვის ეს განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან მისი თვითშეფასება ჯერ კიდევ ყალიბდება.

უხილავი ზეწოლა

ბავშვები ოლიმპიადაში ხშირად ფსიქოლოგიურად გადაიტვირთებიან იმ მიზეზით, რომ აღელვებულები არიან საკუთარი შედეგით და, ზოგჯერ, გარშემომყოფების მოლოდინითაც. დიკერსონი და კემენი (Dickerson & Kemeny, 2004), რომლებმაც სტრესის კვლევების მეტა-ანალიზი ჩაატარეს, აჩვენებენ, რომ ყველაზე ძლიერ სტრესულ ფაქტორად სწორედ „სოციალური შეფასების საფრთხე“ ითვლება, ანუ შეგრძნება, რომ ვიღაც გაკრიტიკებს. ეს სტრესი ხშირად მეხსიერებასა და კონცენტრაციას აძლევს დარტყმას, რაც ზიანს აყენებს შედეგს.

სწორედ ამიტომ არის ონლაინ ფორმატი მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. როცა დამკვირვებელი ოთახში არ დგას, ბავშვი ნაკლებად გრძნობს მუდმივ კონტროლს და საკუთარ ტემპში მუშაობს. ის ვერ ხედავს, როგორ დაასრულეს ტესტი სხვა ბავშვებმა და როგორ გადიან ოთახიდან დროზე ადრე. არ ადარებს საკუთარ თავს სხვებს და ნაკლებად იღებს სტრესს. ეს არ ნიშნავს, რომ სტრესი სრულად ქრება, მაგრამ ხელოვნური დაძაბულობის ერთ-ერთი წყარო მართლაც მცირდება.

შორეული ქალაქებიდან ონლაინ სივრცემდე

წლების განმავლობაში ბევრი ბავშვი ოლიმპიადაში ვერ მონაწილეობდა არა იმიტომ, რომ სურვილი და ცოდნა არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ სხვა ქალაქში წასვლა უჭირდა. მცირე ქალაქებში მცხოვრები ოჯახებისთვის ტრანსპორტი, საცხოვრებელი და დრო ხშირად გადაულახავ ბარიერად გვევლინება. რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს იგივე შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რაც დედაქალაქში მცხოვრებ თანატოლებს.

“ინოვატორი” სწორედ ამ უთანასწორობის შემცირებას ცდილობს. მისი უპირატესობა ის არის, რომ ბავშვი სახლიდან გაუსვლელად მიიღებს მონაწილეობას სასკოლო ოლიმპიადაში. ეს ფორმატი იმ ბავშვებს აძლევს შანსს, რომლებსაც აქამდე ეს შანსი არ ჰქონდათ, და ამავე დროს აკმაყოფილებს ოლიმპიადის ძირითად მიზანს: ცოდნის გამოვლენას და დამოუკიდებელ აზროვნებას.